16 წლის ალოჰა ვანდერველი – პირველი ქალი, რომელმაც დედამიწას შემოუარა

1922 წელს 16 წლის კანადელი გოგონა ალოჰა ვანდერველი გაემგზავრა ექსპედიციაში მსოფლიოს გარშემო Ford Model‑T-ის მანქანით და გახდა პირველი ქალი, რომელმაც დედამიწას შემოუარა. ათი წლის განმავლობაში, მან 611 ათასი კილომენტრი გაიარა და 80 ქვეყანაში იმოგზაურა.

ალოჰა ვანდერველი, იგივე იდრის გალიცია ველში, 1906 წელს დაიბადა კანადაში. ის მოგზაურობით ჯერ კიდევ ბავშვობაში, რამდენიმე თემატური წიგნის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. პირველი მსოფლიო ომის დროს გოგონას მამინაცვალი ბრიტანულ არმიას შეუერთდა, ამიტომ ის დედასთან და დასთან ერთად მას გაჰყვა კანადიდან ევროპაში. მათ იმოგზაურეს დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში და გაჩერდნენ საფრანგეთში. იდრისი, „გოგოსთვის შეუფერებელი“ ხასიათის გამო, დედამ მონასტრის პანსიონში გაგზავნა. 1922 წელს გოგონამ გაზეთ Paris Herald-ში წაიკთხა განცხადება: „ჭკვიანი, ლამაზი და ბრიჯებით – მსოფლიო ტური წარმატებული ახალგაზრდა ქალებისთვის. შემოუერთდით ექსპედიციას!“

განცხადება გაზეთში განათავსა ვალტერ ვანდერველმა (ნამდვილი სახელი – ვალერიან იოჰანეს პეჩინსკი), პოლონელმა ემიგრანტმა, რომელიც თავგადასავლების ძიებაში იყო და საკუთარ თავს კაპიტანს უწოდებდა. ვანდერველმა ავტომობილების კომპანია „ფორდის“ მხარდაჭერით, დედამიწის გარშემო ექსპედიციას გაუწია ორგანიზება. ვანდერველს უკვე ჰყავდა ჟურნალისტთა ჯგუფი, ასევე ფოტოკორესპონდენტები, მექანიკოსები და მდივანი – მისი მეუღლის სახით, მაგრამ ექსპედიციის კინოოპერატორი საავადმყოფოში მოხვდა და მისი შემცვლელი გაზეთის მეშვეობით უნდა მოეძებნა. მარკეტინგული თვალსაზრისის გათვალისწინებით, მან ქალის მოწვევა გადაწყვიტა.

განცხადების წაკითხვის შემდეგ 16 წლის იდრისი ღამის მატარებლით გაემგზავრა პარიზში სკოლა-მონასტრიდან. მან კაპიტანს მოუყვა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა შორეულ ქვეყნებში მოგზაურობებზე და მოიტყუა, რომ კამერის მოხმარებაც იცოდა. ვანდერველი გოგონას ავანტიურიზმით აღფრთოვანდა, მაგრამ მაინც არ მიიღო, ვინაიდან ძალიან ახალგაზრდა იყო.

ლოდინის მიუხედავად, განცხადებას სხვა გამოხმაურება არ მოჰყოლია, ხოლო იდრისი დიდი დაჟინებით ითხოვდა ექსპედიციის წევრობას. ის ტაქსით გაეკიდა მოგზაურებს და სკანდალი მოაწყო. საბოლოო ჯამში, მათ იდრისის აყვანა მოუწიათ. იდრისმა ფსევდონიმი – ალოჰა ვანდერველი – ექსპედიციის დასაწყისშივე მიიღო.

პირველი მოგზაურობისას გუნდმა 4 კონტინენტზე 43 ქვეყანა მოინახულა. მათ ნახეს ომის შემდგომი საფრანგეთი და გერმანია, თურქეთი, ეგვიპტე, ავღანეთი, პალესტინა, ინდოეთი, აღმოსავლეთ აფრიკა, ჩინეთი და ციმბირი, სადაც წითელი არმიის კომისარმა ალოჰა საპატიო გენერლადაც კი „აკურთხა“.

მოგზაურობისას გოგონამ მართლაც ისწავლა კამერასთან მუშაობა – ის ფილმს იღებდა გარბენის შესახებ და თავად ამჟღავნებდა ფირს, აწყობდა კინოსეანსებს ვალტერის ლექციების შემდეგ, ჰყიდდა ბილეთებს და ბუღალტერიას აწარმოებდა. ის იყო ასევე თარჯიმანიც, მძღოლიც და მდივანიც.

ეგვიპტეში მოგზაურობისას კაპიტანმა მეუღლეს ალოჰასთან უღალატა, ამიტომ მის ვანდერველმა ექსპედიცია დატოვა და ამერიკაში დაბრუნდა. მოგვიანებით, 18 წლის ალოჰა და 29 წლის ვალტერი დაქორწინდნენ. მოგზაურობამ დედამიწის გარშემო ახალშეუღლებულებს სახელი გაუთქვა: მათ საპატივცემულოდ აღლუმებს აწყობდნენ, მათთან ერთად ფოტოებს იღებდნენ ჰოლივუდის ცნობილი ადამიანები. წყვილს ორი შვილი შეეძინა, ვალერია და ნილი, მაგრამ მათი მოგზაურობისადმი სიყვარული ამის გამო არ შეცვლილა. მათ წარადგინეს თავისი ფილმი დედამიწის გარშემო პირველი მოგზაურობის შესახებ და კვლავ გაუდგნენ გზას, ამჯერად სამხრეთ ამერიკაში…

ამაზონის ჯუნგლებში ალოჰა აბორიგენებს დაუმეგობრდა და პირველი ფილმი გადაიღო ამ ტომის შესახებ.

1932 წელს კალიფორნიაში ვანდერველი მოკლეს, მაგრამ ალოჰამ მაინც გააგრძელა მოგზაურობა. მოგვიანებით, ის ვალტერის ოპერატორს, ბაიკერს გაჰყვა ცოლად. ალოჰა მასთან ერთად მოგზაურობდა, იღებდა ფილმს და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ წერდა. ახლა მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში. ვანდერველი 1996 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა კალიფორნიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები