ანდრიუს კუბილიუსი: თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს – საკუთარი თავის გარდა

“თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს – საკუთარი თავის გარდა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციისგან ელის იმის გააზრებას, რომ ორივე მხარეს აქვს ძალიან ნათელი ისტორიული პასუხისმგებლობა,  არ დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრით.

,,ევროპარლამენტარების ნაწილმა წერილი შარლ მიშელს სწორედ იმიტომ გავუგზავნეთ, რომ ვიცოდით, მისი ჩართულობა გავლენას მოახდენდა პოლიტიკურ პროცესზე. მისი გადაწყვეტილება, რომ კრისტიან დანიელსონი, ამ რანგის დიპლომატი ჩაერთო ამ საქმეში, უდიდესი მნიშვნელობის იყო.

ახლა ისმის კითხვა, იაზრებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საქართველოში იმას, რომ ეს არის უმაღლესი დონის ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან, თუ პარტიები ამ შანსს ვერ გამოიყენებენ, ვეღარავის დააბრალებენ რამეს საკუთარი თავის გარდა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციისგან ველი იმის გააზრებას, რომ ორივე მხარეს აქვს ძალიან ნათელი ისტორიული პასუხისმგებლობა,  არ დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. რადგან, ქვეყნის წინაშე მართლა ბევრი ახალი შესაძლებლობაა. საქართველო ამ დრომდე ევროინტეგრაციის კუთხით მართლაც მოწინავე იყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის. თუმცა, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ დემოკრატია ჯერ არაა საკმარისად მომწიფებული – ეს კი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქვეყნის პერსპექტივაზე. მოვუწოდებ, ორივე მხარის ლიდერებს, რომ თუ დროზე ვერ გადაწყვეტენ ამ პრობლემებს, მომავალ ათწლეულებში თაობები აუცილებლად იკითხავენ, რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების ასეთი ისტორიული შანსი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები