მამუკა არეშიძე: დასავლეთისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი მძიმე გეოპოლიტიკური ჯახის წინ საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევდეს
“ყარაბაღის უკანასკნელი მოვლენების შემდეგ რუსეთმა და თურქეთმა დასავლეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი ამოუკვეთეს, რის გამოც ევროპისათვის საქართველო, როგორც სტრატეგიული მოკავშირე და გეოპოლიტიკური პლაცდარმი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული გახდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, რა ინტერესებიც დასავლეთს საქართველოში ამოძრავებს, ზუსტად იგივე ინტერესი აქვს რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში.
“თუ რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკის ჭრილში განვიხილავთ, ცხადია, იგი ,,ნაცმოძრაობის,, წისქვილზე ასხამს წყალს და პირდაპირ ჯდება ოპოზიციის პროპაგანდაში, რომელიც “ქართულ ოცნებას” პრორუსული ძალის იარლიყს აწებებს.
ერთი რამ ფაქტია, ნარიშკინის განცხადება “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო და ,,ნაციონალური მოძრაობის,, სასარგებლოა, დასკვნები კი საზოგადოებამ თავად გამოიტანოს. ისე ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ ნარიშკინთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
გარკვეული სუბიექტური მიზეზების გამო, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რასაც გეუბნებით, 100-პროცენტიანი სიმართლეა და ამ ოპოზიციონერ პირადად ჩემთვის აქვს მოყოლილი მისი და ნარიშკინის ახლო ურთიერთობის შესახებ. საერთოდ, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის განცხადება ქართული პოლიტიკის ვიწრო პრიზმაში კი არა, გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან პროცესები, რომლებიც ახლა ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის კინკლაობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
საქმე ის არის, რომ ყარაბაღის უკანასკნელი მოვლენების შემდეგ რუსეთმა და თურქეთმა დასავლეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი ამოუკვეთეს, რის გამოც ევროპისათვის საქართველო, როგორც სტრატეგიული მოკავშირე და გეოპოლიტიკური პლაცდარმი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული გახდა.
როგორ გგონიათ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისში მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა ან ახლა საკუთარი სპეციალური წარმომადგენელი მარტო იმიტომ მოავლინა, რომ ევროპას მელიას, რურუას, “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ბედი აღელვებს? არა! დასავლეთისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი მძიმე გეოპოლიტიკური ჯახის წინ საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევდეს.
სხვათა შორის, რა ინტერესებიც დასავლეთს საქართველოში ამოძრავებს, ზუსტად იგივე ინტერესი აქვს რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში, რაზეც სოხუმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს.
სოხუმში რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი ახრა ავიძბა, რომელიც უკრაინაში, კერძოდ, დონბასის რეგიონში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა და იმათ გმირად იყო აღიარებული. თავის დროზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობიდან რაულ ხაჯიმბას გადაყენება სწორედ ახრა ავიძბას აქტიური მონაწილეობით მოხდა, რის შემდეგაც იგი ახლანდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩევლად დაინიშნა, თუმცა, გასული წლის ნოემბერში თანამდებობიდან გაუშვეს და ამის გამო ბჟანიასაც დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ბჟანიას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ავიძბა დამხობას უპირებდა და მის დაპატიმრებაზე მოსკოვისგან თანხმობა მიიღო. გარდა ამისა, აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი – ე.წ. კანონიერი ქურდი ახრა გეზერდვა, მეტსახელად “პიზა” მოკლეს, რაც არძინბების კლანს ბრალდება. თუმცა, დიდი ეჭვია, რომ ბჟანიას რეჟიმმა მოიშორა და ესეც რუსეთის თანხმობით.
ერთი სიტყვით, როგორც დასავლეთი საქართველოში, ისე რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილურობით არის დაინტერესებული, რათა თურქეთისა და რუსეთის შესაძლო დაპირისპირების დროს კავკასიაში არსებობდეს პლაცდარმი, საიდანაც ამ კონფლიქტის მართვა და რეგულირება იქნება შესაძლებელი.
ახლა დასავლეთიცა და რუსეთიც კავკასიის რეგიონს მომავალი გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის ამზადებენ. საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების გახშირებული სტუმრობაც და ქართული შიდა პოლიტიკის საკითხებზე რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებაც სწორედ ამას უკავშირდება. დიახ, ნარიშკინმა დასავლეთს შეახსენა – როცა საქართველოში სიტუაციას სათქვენოდ ალაგებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც აქ ვართო.
რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული დღის წესრიგი დასავლეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ევროპელების განსაკუთრებულ გაღიზიანებას კი სააკაშვილის რიტორიკა იწვევს, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ჩაშლისკენ არის მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ განაცხადა – ორივე ჩრდილოვანმა აქტორმა- სააკაშვილმა და ივანიშვილმა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ”, – განაცხადა არეშიძემ.