ნათია თურნავა: მზად ვართ ავხსნათ, ეროვნული ინტერესებისთვის რამდენად დამაზიანებელია საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას ეხმაურება.
“ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთი არის დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს და ბევრი წუხილი, რაც არის, იყოს გათვალისწინებული და ამას ყოველთვის მივესალმებით;
მეორე ნაწილი არის, რომ პროექტი არ გვინდა იმიტომ, რომ საერთოდ ჰესები არ გვინდა. ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა ვერ შემოვყვებით, თუმცა მზად ვართ, რომ ავხსნათ რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება.
ასევე მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ქუჩიდან სულ მალე ეს საუბრები გადაინაცვლებს უფრო სრულყოფილად სამუშაო ფორმატებში”, – აცხადებს თურნავა.
ცნობისთვის, ქუთაისში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – შეაჩეროს კომპანია “ენკამ” მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.