ნიკოლოზ მეტრეველი: არავითარ ხელახალ არჩევნებსა და კოალიციურ მთავრობაზე, დანიელსონის ფასილიტაციით გამართულ შეხვედრებზე საუბარი არ იქნება

ქრისტიან დანიელსონის ვიზიტის შესაძლო პოლიტიკურ შედეგებზე ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

-შეძლებს თუ არა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიციების შეჯერებას, რასაც 4 თვეზე მეტია, ელის ქართული საზოგადოება?

-ამ კვირას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დადო ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ: ეუთო/ოდირ-მა და ,,აირაიმ“, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ მართალია, იყო გადაცდომები და გამოწვევები, მაგრამ არჩევნები საქართველოში ჩატარდა სამართლის სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში, რომლის დროსაც ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლება სრულად იყო დაცული. 2008 წლის არჩევნების დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა უამრავი საარჩევნო დარღვევა აღმოაჩინეს, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2008 წლის არჩევნები მაინც ლეგიტიმურად მიიჩნიეს. ოპოზიციას, რომელიც ახლა აცხადებს, რომ არჩევნების დროს დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა იყო საქართველოში, შევახსენებ, რომ მინსკში, ბევრად უფრო დიდი რაოდენობის დამკვირვებლების პირობებში, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ხელახალ არჩევნებზე დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებათა პროცესში საუბარი, ბუნებრივია, ვერ იქნება, ხოლო ეუთო/ოდირ-ისა და ,,აირაის“ დასკვნების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი თამამად შეხვდება ევროპელ კოლეგებს ბრიუსელში, რომელთა დასკვნების საფუძველზეც არჩევნები საქართველოში დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდა.

– რაზე შეიძლება, მოილაპარაკონ პოზიციამ და ოპოზიციამ ამჯერად, თუ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებამდე მაინც მიიყვანს?

-სასაუბრო თემა შეიძლება, გახდეს სასამართლო რეფორმა და საარჩევნო კანონი, რომელიც შემდგომ საპარლამენტო მუშაობას მოითხოვს. შესაძლოა, განიხილონ პლებისციტის თემაც, რადგან არჩევნებიდან 4 თვის თავზე, რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსით იყო გამოწვეული, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვკითხოთ, ენდობა თუ არა ის ,,ქართულ ოცნებას.“ ბრიუსელში ვიზიტის წინ მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა ოპოზიციასთან დიალოგი.

-ექსპერტთა და პოლიტიკოსთა წრეებში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრებზე საუბარი იქნება ოპოზიციასა და პოზიციას შორის კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაზე.

-აბსოლუტურად არარეალისტურად მეჩვენება კოალიციურ მთავრობაზე საუბარი. ეს იდეა ყოვლად წარმოუდგენელია. კოალიციები ასე მარტივად არ იქმნება, ამისთვის საჭიროა თანამოაზრეთა გუნდი. ,,ქართული ოცნების“ 1 მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის სრულიად გაუგებარი იქნება, რაზე შეიძლება, ითანამშრომლოს მმართველმა პარტიამ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომლებიც იდეური მოკავშირეები ვერასოდეს გახდებიან? შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო ქართველ ამომრჩეველს, რომ არავითარ ხელახალ არჩევნებსა და კოალიციურ მთავრობაზე, დანიელსონის ფასილიტაციით გამართულ შეხვედრებზე საუბარი არ იქნება.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები