საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.
„უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსვალეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გასაძლიერებლად სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახლი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარულნი ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, – განაცხადა სიიარტომ. პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატო-სთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას.