ირაკლი ღარიბაშვილი – ,,ტვ პირველზე”: მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია და არა 2007, როდესაც „იმედის“ დარბევა მოხდა
“მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია და არა 2007, როდესაც „იმედის“ დარბევა მოხდა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ამით ღარიბაშვილი „ტვ პირველის„ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ რომელიმე ტელევიზიაში შეჭრის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„რაც შეეხება „ტვპირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება. ეს მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 და არა 2007 წელია, როდესაც „იმედის“ დარბევა მოხდა. ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს, აქედან გამომდინარე, რაიმე პანიკისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.