ომი, რომელშიც პოეტი კვდება! – ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დაბადების დღე
სოხუმელი პოეტი ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე როცა კი თბილისში ჩამოდიოდა, მუდამ სტუმრობდა თავის ძველ მეგობარს, გამოჩენილ პოეტსა და ჟურალისტს ნანა ღვინეფაძეს.
ქალბატონ ეთერს მე მხოლოდ მისი ბრწყინვალე პოეტური კრებულებით ვიცნობდი, 80-იანი წლების მიწურულს კი პირადად გავიცანი ქალბატონი ნანას ოჯახურ წვეულებაზე.
მახსოვს, ადრეული გაზაფხული იდგა, ქალბატონი ეთერი მიმოზების მობრდღვიალე რტოებით ხელდამშვენებული ეწვია მეგობარ პოეტს, რომელსაც გაზაფხულის მახარობელი ეს ხე-ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა. მახსოვს, რა უზომოდ ბედნიერი იყო ქალბატონი ნანა სოხუმელი მეგობრის ყურადღებით. ქალბატონი ეთერი საოცრად პოეტური არსება გახლდათ, თავისი სამშობლოს დიდად მოსიყვარულე და ჭირისუფალი. ის საქართველოს, პოეზიისა და თეატრის სიყვარულით სულდგმულობდა და მახსოვს, იმ საღამოს სოხუმი, მისი ლიტერატურული და თეატრალური ცხოვრება იყო ძირითდად ღვინეფაძეებთან წვეული სტუმრების სასაუბრო თემა….
მას შემდეგ მე აღარ მინახავს ქალბატონი ეთერი. 1993 წლის ოქტომბერში კი მთელი საქართველო შეძრა მისი ტრაგიკული აღსასრულის ამბავმა. ის სოხუმის 9 აპრილის სახელობის სკვერში დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა. ეს იყო უზარმაზარი შოკი, სირცხვილი და სინანული, იმ სიძულვილისა და ულმობლობის გამო, რომელმაც საქართველოს ამ კურთხეულ მხარეში ადამიანის სიცოცხლეს ბალახის ღერის ფასი დასდო?!
ყველა დაზაფრა მაშინ „უშიში, ვითარცა უხორცო” სოხუმელი პოეტის საქართველოსთვის დანთხეულმა სისხლმა. მახსოვს, ნანა ღვინეფაძემ როგორ იტკივილა მეგობარი პოეტის შემაძრწუნებელი გარდაცვალება და უძვნა მართლაც გულგამგმირავი ლექსი: „ტყვია ესროლეს”.
ეს ლექსი არ არის ფართოდ ცნობილი, მხოლოდ ნანა ღვინეფაძის ერთ კრებულში „მარჩვიბშია”(2011) შესული და ამიტომ მინდა იგი უფრო ფართო საზოგადოებამ წაიკითხოს საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის მხეცური ანგარიშსწორებიდან 27 წლის შემდეგ.
ტყვია ესროლეს
…არ მავიწყდება
მე შენი სიტყვის
ქართულობა და
ქალური კდემა,-
დაწყევლილია
ღვთისაგან ომი,
ომი, რომელშიც
პოეტი კვდება!
შენი სიკვდილის
გახსენება
შერისძიების ცეცხლით
ამანთებს,
ვეღარ მივიღებ
სოხუმიდან
ლამაზ ბარათებს…
ვერ მომილოცავ
მიმოზებით
რვა მარტს, გაზაფხულს,-
ვეღარ მიმღერებ
ღვინობისთვის ოდას
აზარტულს…
შენთვის ნასროლმა ტყვიამ
ყველა პოეტს უწია…
შენი დახვრეტით
ვით არ უწყიან,
რომ საკუთარი
დედებიც მოკლეს…
ჩიტივით მოგკლეს,
ეთერ ქალო,
ჩიტივით მოგკლეს…
ეს სატკივარი
შურისძიების
ცეცხლით ამანთებს…
…………………………..
ვეღარ მივიღებ
სოხუმიდან
ლამაზ ბარათებს…
………………………..
არ მავიწყდება
შენი სიტყვის
ქართულობა და
ქალური კდემა,-
დაწყევლილია
ღვთისაგან ომი,
ომი, რომელშიც
პოეტი კვდება!…
2000 წლის 9 აგვისტო
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან