„ასე უნდა იცოდეთ, ასე უნდა ილაპარაკოთ ხალხშიო“ – ოთარ ჩხეიძე და 1956 წლის 9 მარტი

დღეს შესრულდა 65 წელი 9 მარტის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტიდან, როცა თბილისში ადამიანებს არ აპატიეს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა და საბჭოთა საჯარისო ნაწილებმა სიცოცხლეს ასობით უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს. იმდროინდელმა პოლიტბიურომ ყველაფერი იღონა ამ ფაქტის მისაჩქმალად. თითქოს ეს არც მომხდარა. ხალხს ცრემლი და ბოღმა უთქმელად ჩაუკლეს.
ცხოვრება, რასაკვირველია, თავისი გზით წავიდა, ათეული წლების მერე პოლიტიკურად „დათბა“ კიდეც სიტუაცია, მაგრამ ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაში ეს იმდენად „დაგმანული“ თემა აღმოჩნდა, რომ სამ ათეულ წელზე მეტი ამაზე ხმის ამოღება ვერავინ გაბედა, შეიძლება გულითაც ეწადათ, სტანჯავდათ უსამართლობის განცდა, მაგრამ ფაქტია, რომ 1989 წლამდე ვერ შეხვდებით იმ ავადსახსოვარი 9 მარტის მხატვრულ ასახვას და გულდაგულ აწონას, თუ რასთან გვქონდა სინამდვილეში საქმე.
ეს დიდი სიჩუმე მწერლობამ დაარღვია და ეს მწერალი გახლდათ ოთარ ჩხეიძე და მისი რომანი „გამოცხადებაი“, რომელიც 1989 წელს დაბეჭდა გამომცემლობა „მერანმა”. ეს არის იმ ტრაგიკული მოვლენის მხატვრული აღწერის, მისი პირუთვნელი შეფასებისა და თვალისამხელი სიმართლის გაცხადების თამამი ნიმუში.
კომუნისტური სიყალბისა და ფარსისთვის ასე გაბედულად არავის აუხდია ფარდა. აბსურდისა და ფარსის გამომზეურებას ემსახურება მთელი ტექსტი. სწორედ ამ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში მიმდინარეობდა მთელი ჩვენი კომუნისტური „იდილია“.
დაუვიწყარია რომანის ის ადგილი, როდესაც პირველი ჩინოვნიკის კაბინეტში იმართება ქართველ მწერლებთან თათბირი, სადაც მათ სთხოვენ დამუნჯდნენ, დაიხშონ ყური და აიხვიონ თვალი: „თქვენ არ იცით და უნდა იცოდეთო, უნდა იცოდეთ და ხალხს გადასცეთო, არც არავინ მომკვდარა, არც არავინ დაჭრილა, ტყვიით არ დაჭრილა და ტყვიით არ მომკვდარა, არც ტანკებს არავისზე გადაუვლია, არც არტილერია გამზადებულიყო თბილისის გარშემო…თუ მაინც დახოცილან, თვითონვე დახოცილან, თვითონვე გადაუქელიათ ერთმანეთიო – ასე ჟღერს მწერლობისთვის მიცემული დირექტივა, ასე უნდა იცოდეთ, ასე უნდა ილაპარაკოთ ხალხშიო“.
ოთარ ჩხეიძემ პირველმა ამხილა ის ტოტალური ტყუილი, რაშიც საქართველო ათწეულების განმავლობაში აცხოვრეს და ისიც იფერებდა ამ მდგომარეობას, პრივილეგირებულადაც კი გრძნობდა თავს კომუნისტების მიერ უზურპირებულ ტერიტორიაზე, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ცდუნებაში ჩავარდნილ ერს საკმაო ხანი დასჭრდა (უფრო სწორად რამხელა დრო დაკარგა მან) სინამდვილის გასარკვევად და გამოსაფხიზლებლად.
„მოტყუებულა ერი, აი თუ რა მომხდარა, დიდი რამ მომხდარა, საბედისწერო რამ მომხდარა: ეგონა ჰყავდა გმირი თავისი, მძლეთამძლე გმირი, სწორუპოვარი, შეუდარებელი, ეგონა თურმე, თურმე ჰგონებია, მოტყუებულა თურმე”.
ოთარ ჩხეიძე იყო ის ქართველი მწერალი, ვინც ადეკვატურად პირველად შეაფასა საქართველოს ცხოვრებაში სტალინის ფენომენი: „ვისაც გაუცია თავისიანები, გაუცია, დაუფლეთია, ურბევია, უწიოკებია ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ნახევარი საუკუნისა, ალბათ რო ურბევია დღენიადაგა, გამუდმებულადა, უმოწყალოდ რო ურბევია, გადაურჩება ერის რისხვასა?! ახლა არა რაღა თქმა უნდა, მერეღა, მერე ეს დაბნეულობა რო გამონელდება, მერეღამეთქი, მანამდე იბღავლებს გაოგნებული, იბღავებს დიდი სატკივარითა, ჯერ გაუგებარი სატკივარითა, ასე იბღავლებს და ეგონება გმირს არავის წავართმევინებთო”.
ოთარ ჩხეიძის აზრით, რაც ქართველ ხალხს გადახდა და საკუთარ ტყავზე იწვნია, დაბნეულობის და ილუზიების ტყვეობაში ყოფნის შედეგი იყო:”დაბნეულობაცა სცოდნია ერსა, სიბნელეშიც ბევრჯერ ჩავარდნილა, ბრუნდი მართლად მოსჩვენებია, ავი კეთილადა, ბოლოს სინათლეზე მაინც გამოსულა”.
ბოროტება როდის და სად დამალულა საბოლოოდ?! აკი, არც ამჯერად დაიფარა. მისი მართალი მესიტყვე ოთარ ჩხეიძე კი პირნათელია დროის და შთამომავლობის წინაშე.

                                                              გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები