პროკურორი: დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, მათი მიზანია, რომ რამენაირად ბრალდების მხარისა და მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინონ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღვანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ხედავდნენ და ისმენდნენ ყველა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
„ამ განაჩენს, რა თქმა უნდა, ველოდით. საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ხედავდნენ და ისმენდნენ ყველა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის, იმას, თუ როგორ გადაუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და როგორ მისდევდა მათი ნაწილი.
რა თქმა უნდა, ყველა ის ბრალდება, რომელიც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასა და იქამდე განხორციელებულ დევნას, მოტივაციას, რაც განპირობებული იყო უშუალოდ აგარაკზე განვითარებული ფაქტებით, ყველა ეს გარემოება არის სასამართლოში დამტკიცებული და დღეს გამოჩნდა, რომ სასამართლომ ეს გაიზიარა.
დაცვის მხარე არასდროს იქნება კმაყოფილი, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, ხოლო მიზანია, რომ რამენაირად ბრალდების მხარისა და მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინონ,“ – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები