ნათია თურნავა: იმედია, პროკურატურა იმაზეც იმსჯელებს, რატომ აღმოჩნდა შეთითხნილი ჩანაწერები საჯარო ახლა
“იმედია, პროკურატურა იმაზეც იმსჯელებს, რატომ აღმოჩნდა ეს შეთითხნილი ჩანაწერები საჯარო ახლა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მსგავს ფოკუსებს აკეთებს, როდესაც ახლოსაა შეთანხმება.
„მთავარი და შემაშფოთებელი დარღვევა უკანონო მიყურადებაა. ეს ჩვენ დავამთავრეთ 2012 წელს და მსგავსი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. მეორე რამესაც მინდა, მიაქციოთ ყურადღება და იმედია, პროკურატურა ამაზეც იმსჯელებს – რატომ აღმოჩნდა ეს შეთითხნილი ჩანაწერები საჯარო ახლა? იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მსგავს ფოკუსებს აკეთებს, როდესაც ახლოსაა შეთანხმება“, – აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.