ვახტანგ ჭარაია: სულ ერთ-ორ სფეროში გაგვაჩნია კონკურენტული უპირატესობა, ერთ-ერთი სწორედ ჩვენი ჰიდრორესურსია, საქართველო ამ რესურსს, სამწუხაროდ, არ იყენებს

“სულ ერთ-ორ სფეროში გაგვაჩნია კონკურენტული უპირატესობა, ერთ-ერთი სწორედ ჩვენი ჰიდრორესურსია, საქართველო ამ რესურსს, სამწუხაროდ, არ იყენებს”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად იქმნება სამუშაო ადგილები.

,,ჩემთვის, მაგალითად, თვითმიზანია არა ენერგოდამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და იყოს ინკლუზიური, მივიღოთ შემოსავლები და, შესაბამისად, გავაუმჯობესოთ ცხოვრების დონე და მთლიანობაში უფრო უკეთესი ქვეყანა მივიღოთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ სულ ერთ-ორ სფეროში გაგვაჩნია კონკურენტული უპირატესობა, ერთ-ერთი სწორედ ჩვენი ჰიდრორესურსია. ჩვენ თუ ამ რესურსზე ვამბობთ, რომ არ გვინდა ან/და ვერ ვიყენებთ და დღეს ფაქტია, რომ ერთ მეხუთედსაც ვერ ვიყენებთ ამ რესურსის, მაშინ როდესაც იგივე რესურსი ისეთ ქვეყნებში როგორიცაა შვეიცარია და იტალია 50%-ზე ზევით აქვთ ათვისებული, ნორვეგიაში კი – 90%-ს აღემატება, მაგალითი კიდევ უამრავია. საქართველო ამ რესურსს, სამწუხაროდ, არ იყენებს. მე მაქსიმალურად მინდა, რომ ჩვენს არასწორად გადადგმულ ნაბიჯებზე, ადრე დაშვებულ შეცდომებზე დავფიქრდეთ და ჩვენსავე თავს არ მივცეთ შესაძლებლობა, არასწორი გზით ვიაროთ.
ქვეყანას სჭირდება ელექტროენერგია, სამუშაო ადგილები და ფინანსური რესურსი. ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად იქმნება სამუშაო ადგილები, საუბარია ათასობით სამუშაო ადგილზე პირდაპირი გზით და ამას ირიბად იმ რეგიონის და მთლიანი ქვეყნის ჩართულობა კიდევ უფრო ფართოდ მოყვება. ამასთან, იზრდება შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში და იქმნება პროდუქტი, რომლის იმპორტირებაც არ გვიწევს. ეკონომიკური კუთხით მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები