გიორგი ვაშაძე: სხვა შემთხვევაში ყოველთვის შინაარსზე იწყებდნენ გამოძიებას, ახლა მხოლოდ უკანონო ჩანაწერებზე
“მიკერძოებულები არიან, ორმაგი სტანდარტია. სხვა შემთხვევაში ყოველთვის შინაარსზე იწყებდნენ გამოძიებას, აქ მხოლოდ უკანონო ჩანაწერებზე”, - ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის ყველა მორალური საფუძველი დაკარგა.
“მიკერძოებულები არიან, ორმაგი სტანდარტია. სხვა შემთხვევაში ყოველთვის შინაარსზე იწყებდნენ გამოძიებას, აქ მხოლოდ უკანონო ჩანაწერებზე. უკანონო ჩანაწერები, რაღა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ შინაარსთან მიმართებით ძალიან ბევრი ადამიანი უკვე საჯაროდ პირდაპირ ამბობს, რომ ისინიც მსხვერპლი იყვნენ მსგავსი ზემოქმედების, ამაზე არაფერი – ეს არის ძალიან ცუდი. “ქართულმა ოცნებამ” ყველა მორალური საფუძველი დაკარგა, რომ იყოს ხელისუფლებაში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.