„ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სპეკულაციებსა და მითებს წერტილს უსვამს“ – ლადო ბოჟაძე

საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილს უსვამს.

ამის შესახებ ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო-ს საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

„გამოქვეყნდა ეუთო-ს საბოლოო დასკვნა, რომელმაც სპეკულაციებს არჩევნების ტოტალურად გაყალბებასთან ან ზოგადად გაყალბებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაუსვა წერტილი. თქვენ გახსოვთ, მათი წინასწარი შეფასება ჯერ კიდევ 1 -ელ ნოემბერს მოვისმინეთ, რასაც მერე ევროსაბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეების, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს და ა.შ. შეფასებები მოჰყვა. არჩევნების დღიდან უკვე 4 თვეა გასული და ჩვენი არცერთი საერთაშორისო პარტნიორისგან არ მოგვიმენია ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს. პირიქით, ყველგან, კონკრეტულად მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტარების თუ კონგრესმენების მხრიდანაც მუდმივად ისმოდა საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ეუთო -ს საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ძირითადი უფლებები დაცული იყო. ეუთო-ს მიერ რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2018 წელს გვქონდა დატოვებული, ახლა კიდევ მივიღეთ დამატებით ახალი რეკომენდაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად. თქვენ იცით, რომ რეფორმების პროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. უახლოეს დღეებში საპარლამენტო განხილვები დაიწყება. ეს დოკუმენტები ღიაა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც დასკვნებში იყო აღნიშნული, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, რომ 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  უკეთეს საარჩევნო გარემოში ჩავატაროთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეუთო-ს საბოლოო დასკვნა არის საბოლოო წერტილი მანიპულაციებსა და ე.წ. მითებზე, თითქოს, არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოდ ეუთო-ს დასკვნა უნდა იყოს გამოყენებული და არა – კონკრეტული პოლიტიკოსების შეფასებები.

მისივე განმარტებით, ეუთო-ს დასკვნაში მრავალი მიმართულებაა განხილული.

„წინ გვაქვს ბრიუსელში შეხვედრა. ასევე იცით, რომ შარლ მიშელმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, ის უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში იმისათვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგეს. არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის ვიზიტის დროს მოინიშნა. მათ შორის, მეოთხე პუნქტი საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტში პასუხისმგებლობისა და როლების განაწილებას ეხება. როგორ ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ჩვენს ოპოზიციას, რომ აუცილებელია, პარლამენტში შევიდნენ და ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც აწუხებთ, საპარლამენტო დონეზე იყოს გადაწყვეტილი.
თავად ეუთო-ს დასკვნაში მრავალი მიმართულებაა განხილული. მათ შორის, ძალიან საინტერესოა მედიამიმართულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ კერძო მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდს არ შუქებდნენ ობიექტურად, იყო მიკერძოების, დროის არათანაბრად გამოყენების შემთხვევები. ასევე, იყო დებატების არჩატარების ან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების მოწვევის და არა ყველა მხარის მოწვევის შემთხვევები. იგივე ეხებოდა უფასო პოლიტიკური დროის განაწილებას, ზოგადად, მედიახელმისაწვდომობას. ესენიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხებია და აუცილებელია, რომ ესეც კანონმდებლობის დონეზე იყოს დარეგულირებული. სავარაუდო დაშინების, თუ სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებთან მიმართებით საკითხებიც ძალიან საყურადღებოა. პაკეტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ამ საკითხების რეგულაციასაც ითვალისწინებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით უფრო გაფართოვდება იმ სახელმწიფო მოხელეების ჩამონათვალი, რომელთაც სარჩევნო კამპანიის დროს მონაწილეობის მიღება აკრძალული ექნებათ. იგივე ეხება სისხლის სამართლებრივ დონეზე ისეთი ხარვეზების დასჯას, რომელმაც ამომრჩევლებზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს დასკვნა. უნდა ვიხელმძღვანელოთ ეუთო-ს დასკვნით, და არა – კონკრეტული პოლიტიკსოების შეფასებებით.
რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, იგივე შალვა ნათელაშვილის მოსაზრებები მოვისმინეთ. ეუთო 56 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ეს დასკვნა ჩვენს ქვყენაში ჩატარებული არჩევნების მიმართ 56-ვე სახელმწიფოს დამოკიდებულებას ასახავს. ჩვენი ოპოზიციონერების მხრიდან კრიტიკა, სავარაუდო კორუფციაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პროდასავლურობაზე სდებს თავს, ასე საუბრობს ეუთო-ზე, მის სადამკვირვებლო მისიაზე. აღარაფერს ვამბობ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაზე, რომელიც თავად ასამბლეამ დაამტიკიცა, სადაც 47 სახელმწიფოს პოზიციაა ასახული.
როგორც ჩანს, სპეკულაციები დასრულდება ამ თემაზე. რა თქმა უნდა, დიალოგის თემები უნდა გაგრძელდეს. იყო საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც საუბარი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ახლა უკვე რიგგარეშე არჩევნების თემა თავად დასავლეთისთვისაც შეიძლება, ის წითელი ხაზი იყოს, რომლის იქეთაც მოლაპარაკებებს უბრალოდ აზრი არ ექნება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირ-მა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად რეკომენდაციებზეც არის საუბარი, რომელთა მიზანიც საქართველოს საარჩევნო სისტემის ეუთო-სა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება. ოდირ-ი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.
დოკუმენტში 8 პრიორიტეტული რეკომენდაციაა მოყვანილი:

1. სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად იყოს მოყვანილი ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შეთანხმებაში, მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში.

2. შესაძლოა, გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. შესაძლებელია წევრების დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად

3. საარჩევნო კომიისიისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი.

4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების გამოძიებისთვის სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგან

5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გამარტივებისა და სამართლებრივი რეგულირების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების შესაძლებლობა საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის

6. საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ კოლეგიურად და ღია სხდომებზე უნდა განიხილებოდეს. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას.

7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის.

8. უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.
დოკუმენტში სხვა რეკომენდაციებიც არის მოყვანილი, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებისა და ასევე ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას – მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დანაშაულებრივია.

„დანაშაულებრივი დოკუმენტია, გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში.
საერთოდ, ეუთო/ოდირ-ის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზებაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები