“ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია. შიდა გამოძიებას აწარმოებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც შიგნიდან გასცა– ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „კოლექტიური მურუსიძეები“ ამას მომავალ ხელისუფლებასთან თავის დაზღვევისა და თამაშში დარჩენისთვის აკეთებენ.
„ვის მიერ არის შემოგდებული, ცალკე თემაა. რა შუაშია აქ ოპოზიცია. ხელისუფლება საჯაროდ კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ…. „შავი არქივი“ მოიგონეს უცბათ, მაგრამ ზუსტად ვიცი, შიგნით დარწმუნებულები არიან, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, შიგნით ეძებენ. შიდაგამოძიებას აწარმოებენ, ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც, შიგნიდან გასცა.
მე ამ უახლეს ისტორიაში დიდი გამოცდილება მაქვს და დაახლოებით ვიცი როგორ ხდება ყველაფერი, სისტემა, „კოლექტიური მურუსიძე“ როგორც კი იგრძნობს, რომ ხელისუფლება ცოტა შეტორტმანდა და შეიძლება შეიცვალოს, იქ არიან საშუალო რანგის ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან, იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში და ასეთი საშუალო რანგის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ან ვიღაც ასეთი, იმისთვის რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში „კვერცხები დადოს“ მომავალ ხელისუფალთან და გარკვეული გადაზღვევა გააკეთოს, იწყებს ასეთი ინფორმაციის მიწოდებას მეორე მხარისთვის, რომ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ის მაინც თამაშში დარჩეს ან მინიმუმ ხელშეუხებელი იყოს.
ეს ჩინოვნიკები წაუგებელს თამაშობენ, ეს ხომ კონფიდენციალურობის დაცვით კეთდება, შეიძლება დარწმუნებული არც არის, მაგრამ რომ შეიცვალოს?! ამიტომ იქაც „დადო კვერცხი“ აქ ხომ არის ისედაც და იქაც „დადო კვერცხი“ და თუ შეიცვალა, მაშინ იქნება შოკოლადში. მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს,“- განაცხადა ხუხაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.