პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე საკმაოდ დიდია და ჩვენი მცირედი ყურადღება თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს იმას, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმატებულ ვეტერან სპორტსმენ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი შეასრულონ გოგონების სპორტში ჩართულობის გაზრდის კუთხით და ზოგადად, ქალებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში.
„რაც შეიძლება მეტი ქალბატონი უნდა იყოს ჩართული სპორტში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული. დღეს ძალიან დიდი სხვაობაა მამაკაცებსა და ქალებს შორის სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით. მინდა, რომ უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავდეს საქართველოს და ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო აქტიურები, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუკეთოთ სპორტს და ვინ თუ არა თქვენ იქნებით ამის მაგალითის მიმცემი ჩვენი მომავალი თაობისთვის”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გამოწვევის საპასუხოდ საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმატები იქნება შეთავაზებული.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს, კომიტეტის პრიორიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაა.
„დაგეგმილი გვაქვს, რომ 2021 წელს სპორტის განვითარების ძალიან გრძელვადიანი პროცესის სტრატეგია შევქმნათ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში სპორტის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ვეტერან სპორტსმენ ქალებს რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.
„გილოცავთ რვა მარტს. ამდენ ჩემპიონ ქალთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა ნამდვილად უნიკალური შემთხვევაა, მითუმეტეს კოვიდის ერთწლიანი პანდემიის პერიოდში. ჩვენი გოგონებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მათი თვითრწმენისათვის, მათი შინაგანი სიძლიერისათვის და გონებრივი განვითარებისათვის, იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები იყოს ნაკლები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო ჯანსაღია ოჯახი, მათი უკეთესი დედობისათვის ძლიერი ქალის მაგალითის ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ გოგონებს ჰქონდეთ მეტი მოტივაცია და სტიმული სპორტით დაკავდნენ, საჭიროა სწორი მიდგომები.
„თითოეული თქვენგანის ისტორია და ბიოგრაფია უნიკალურია, ის სავსეა ბარიერების გადალახვით, მარცხით და გამარჯვებით, მაგრამ, საბოლო ჯამში, თქვენ გამარჯვებულები ხართ, თქვენ ხართ ჩემპიონები და თქვენი ამ წარმატების გადატანა ჩვენი საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, ჩვენ გოგონებზე ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ დავგეგმავთ კამპანიებს – სპორტის პოპულარიზაცია ქალებში, სპორტის პოპულარიზაცია გოგონებში, თქვენ იქნებით ამ კამპანიების აქტიური ნაწილი. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, ინიციატივები და ერთად განვახორციელოთ ისინი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სტუმრებს რვა მარტი, ასევე, მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს თქვენ შეგხვდით. გილოცავთ რვა მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებას. ჩვენი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა. ამ მხრივ არსებობს პრობლემები და აქედან გამომდინარე, სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს და თქვენი როლი მათ განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი” დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 21 თებერვალს გაიხსნა.