აფხაზეთის სოციალურ ქსელში ახრა ავიძბას დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ
სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბას დაკავებასთან დაკავშირებით ეწ.ძალოვან უწყებებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, რატომ იქნა აყვანილი ავიძბა გვიან ღამით საკუთარ სახლში.
საგამოძიებო ე.წ. უწყებასთან შეკრებილმა, ავიძბას მომხრეებმა თქვეს, რომ მისი დაკავება, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახრა ავიძბას დაყვებიან დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან უკანონოდ შეიარაღებული პირები.
სოციალურ ქსელში ავიძბას გულშემატკივრები დაკავების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვადიმ დავგალუკ-ქასიმოვი, მაგალითად, წერს, რომ “ახრა ავიძბამ 2 მარტს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი გაერთიანების “ახალი ხალხის” რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა. შესაბამისად, საბაბის მიუხედავად, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან”.
ლოლა ლუნგინა წერს, რომ “მისი დაკავება უკავშირდება საქართველოში პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩასვლას მოსალაპარაკებლად. ახრა, როგორც პატრიოტი, გამოვიდა საქართველოსა და დასავლეთთან თამაშების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება, იყოს აფხაზეთისა და რუსეთის ინტერესების საზიანო!!”.
ხინა დუმაა საზოგადოებას ახსენებს, რომ “როდესაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტი დაამხო, “ზოგიერთისთვის” ახრა აფხაზი ხალხის საუკეთესო შვილი იყო. დღეს კი ოპოზიციაში წასულ ძლიერ ადამიანებს ასეთი მეთოდით იშორებენ. პრეზიდენტი რამდენმა მრჩეველმა დატოვა?? იანვრის მოვლენების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ახლდნენ ახრას, როდესაც მიდიოდნენ პარლამენტთან ძალაუფლების დათმობის მოთხოვნით?? მაშინ არ ეძახდნენ მისი დაცვის წევრებს გმირებს?? ახრა ამ დაცვასთან ერთად არ გადაადგილდებოდა, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი იყო??”.