ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს – რა საკითხებია დღის წესრიგში
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართული მხარე ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დატყვევებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ამ დროისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, “დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იქნება პრიორიტეტული საკითხი. ეს საკითხი არის გაჟღერებული მაღალ რეგისტრში საერთაშორისო ფორუმებზე. გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა“.
თავის მხრივ, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელმა, მურათ ჯიოევმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, “შეხვედრაზე ე.წ. საზღვარზე არსებული უსაფრთხოების საკითხები, წნელისთან “უკანონო ქართული საგუშაგოს განთავსება” და სხვა საკითხების განხილვა მოხდება, რომლებიც მოსაზღვრე რაიონებს შეეხება”.