გრცხვენოდეს ბატონო სერგო! – ცერცვაძე ჩიხლაძისგან ბოდიშს ითხოვს
გრცხვენოდეს ბატონო სერგო! – არცერთხელ, არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა, – ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „სტარტეგია აღმაშნებელის“ წევრის სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით.
ინფექციურის ხელმძღვანელი ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“ბოლო დღეებში მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პირდაპირ გვდებს ბრალს ჩინური ვაქცინის შემოტანის ლობირებაში?! და „ფინანსური სქემების დალაგებაში“?! და ამბობს, რომ მე ვიქეცი „არა ჯანრმთელობის მუშაკად“, არამედ „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად“?! გარდა ამისა, ბრალს მდებს: „მავნებლობაში“?! „ბედოვლათობაში“?!, „უუნარობაში“?! „არაპროფესიონალიზმში“?! „აგრესიულ ანტივაქსერობაში“?! (ეს უკვე მკრეხელობაც კი აღარ არის) და ა.შ.
ამას უკვე უზნეობაც აღარ ჰქვია და როგორც ხედავთ, ბ-ნი სერგო უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საშინლად აღიზიანებს სხვისი გაკეთებული საქმეები და გადარჩენილი ადამიანები და უნდა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა.
თუ ბ-ნი სერგო უახლოეს მომავალში საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და დიდი ტყუილებისათვის ჩვენ იძულებული ვიქნებით, საპასუხო ზომებს მივმართოთ და მას ძალიან მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ისე, რომ ვერც პოლიტიკური იმუნიტეტი და ვერც თავისი „ჰეითერების“ საძმოსთან ქილიკი უშველის”, – წერს ცერცვაძე.