თამარ გაბუნია: არცერთი წუთით არ არის დასაშვები ის, რომ ბენეფიციარი დაწესებულებაში იდგეს ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.
გაბუნიას თქმით, დაუშვებელია, რომელიმე ბენეფიციარი დაწესებულებაში რაიმე სახით ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე იდგეს.
“არცერთი წუთით არ არის დასაშვები ის, რომ ბენეფიციარი დაწესებულებაში იდგეს ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ. ამას აქამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა დაწესებულების მენეჯმენტი. ჩვენ ვმუშაობთ ფრანგ კოლეგებთან იმისთვის, რომ განახლდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია. აქ მთავარი გადაწყვეტა ამ პრობლემებისთვის გახლავთ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი და ის, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციები, როგორიც არის თუნდაც გლდანის სამედიცინო დაწესებულება, შეიცვალოს სხვაგვარი დაწესებულებებით, მეტად სათემო სერვისით, თუ ეს არის ქრონიკულ პაციენტებთან მიმართებით და ინტეგრირებული მწვავე მოვლის დაწესებულებებით მრავალპროფილურ სერვისებში”, – ამბობს თამარ გაბუნია.
ცნობისთვის, როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
მათივე ცნობით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან – არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები.