რატომ ჩავიდა “საქართველოში” ბენურ კვირაია – ბჟანიას ყოფილი მრჩევლის განმარტება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას განცხადებით, “საქართველოში იმყოფებოდა და კიდევ ჩავა”, რომ აფხაზეთისთვის ბევრი ინვესტიცია მოიზიდოს.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
“მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს თითოეულ სიტყვასა და ქმედებაზე. საქართველოში ვიყავი ჩასული არა პრეზიდენტის დავალებით, ვიყავი მასთან შესული და ვუთხარი, რომ მისი სახელით ჩავიდოდი, მაგრამ მან კატეგორიული უარი მითხრა, სანამ ჩემი მრჩეველი იქნები – საქართველოს ვერ ესტუმრებიო. 19 თებერვალს ჩავაბარე მოწმობა. არასდროს ვყოფილვარ მის კაბინეტზე მიჯაჭული. ეკონომიკურ საკითხებში ვეხმარებოდი. დიახ, ვსტუმრობდი საქართველოს. ხვალაც ჩავალ. ეს ჩემი კერძო ვიზიტია. ჩავედი იქ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი ინვესტიცია მომეზიდა. მინდა პორტის მშენებლობის დაწყება, დიდი სასტუმროების აშენება, აფხაზეთში ძალიან ბევრი ფულის ჩატანა მინდა, რომ ჩემი ხალხი, სიღარიბეში კი არა, კარგად ცხოვრობდეს. სანამ ცოცხალი ვარ, ამას გავაკეთებ”, – თქვა მან.
ბენურ ქვარაის ,,საქართველოში,, ვიზიტის შესახებ პირველ მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი, სადაც ქვარაია ბულგარეთში მყოფ ქართველ მეგობარს სადღეგრძელოს უძღვნის და ამბობს, რომ საჭიროა ქართველებთან მეგობრული თანაცხოვრება.
აღნიშნულმა ვიდეომ აფხაზური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს ე.წ. პარლამენტთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებთანაც ე.წ.სპიკერი გავიდა და თქვა, რომ საკითხს ე.წ.საკანონმდებლო ორგანო ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.