სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა. მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები