თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101 საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს – ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.

„მინდა, მივულოცო თბილისის ყველა აღსაზრდელს სააღმზრდელო პროცესის განახლება და ვუსურვო ჯანმრთელობა. ასევე, მინდა ვთხოვო თითოეულ მშობელს, რომ ითანამშრომლონ ბაღების ადმინისტრაციასთან და ზედმიწევნით დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ბაღის მიერ შედგენილი გრაფიკი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს. შენობაში აკრძალულია მშობლების შესვლა, განსაზღვრულია ინდივიდუალური შესასვლელები სხვადასხვა ჯგუფისთვის, განთავსებულია დისტანციის მანიშნებლები, ხორციელდება თერმოსკრინინგი და ა.შ.

პირველი მარტიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები