ალუდა ღუდუშაური: თუ ვინმეს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამისთვის არჩევნებს უნდა დაელოდოს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია საწადელის მისაღწევად ქვეყნის იმიჯის შელახვასაც არ ერიდება.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ღუდუშაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველასთვის ღიაა.
„მათ ვთავაზობთ, ეს პლატფორმაც აუცილებლად გამოიყენონ. ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ დარღვევასა და გადაცდომას სიღრმისეულად შეისწავლის, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ოპოზიციას ვთავაზობთ, თუ რამე აქვთ წარმოსადგენი, ხელშესახები მტკიცებულება იქნება თუ არგუმენტი, წარმოადგინონ, ვიმსჯელოთ, კარი ღიაა. დასხდნენ, შემოგვიერთდნენ და თვითონ გამოიკვლიონ საკითხი. თუ იქნება 1-პროცენტიანი ცდომილება მმართველი ძალის სასარგებლოდ, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, პოპულიზმია და ჭიქაში ქარიშხალის ატეხვაა. თუ ჩვენმა მოქალაქეებმა არ მისცეს შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს მათი რადიკალური ნაბიჯების ბრალია. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი. ოპოზიციამ ეს ვერ გაითავისა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი მხარე არ ერიდება ქვეყნის იმიჯის იმდაგვარად შელახვას, რომ მზად არიან, ნებისმიერი სიცრუის ტირაჟირება მოახდინონ, ოღონდ საწადელს მიაღწიონ. ამ საწადელში იგულისხმება, რომ როგორმე, არ აქვს მნიშვნელობა – რა ფორმით, ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს წარმოუდგენელია. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამისთვის არჩევნებს უნდა დაელოდოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.