პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი მტკიცეა და გლობალური ეკონომიკური ვარდნის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აღდგება თქვენი, დიასპორის მონაწილეობით – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა. პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

- რეკლამა -

- რეკლამა -

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არსებულ გლობალურ პანდემიასა და მისით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ  ქართული დიასპორის როლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობია.

„პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან – ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია.

პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით.

დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ოთხი თემატური სესია გაიმართა. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები