მიხეილ სარჯველაძე: მინდა, პოლიციელები გავამხნევო, რომელთაც უწევთ ასეთი დაუმსახურებელი შეურაცხყოფების ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კეთილი საქმის მსახურნი არიან

“მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ის პოლიციელები გავამხნევო, რომელთაც უწევთ ასეთი დაუმსახურებელი შეურაცხყოფების ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან რეალურად, კეთილი საქმის მსახურნი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, დაუშვებელია, როდესაც ასეთ შეურაცხმყოფელ ტონს ვისმენთ პოლიციის მიმართ.

„რეალურად, პოლიცია არის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ამიტომ, ყველამ ხელები შორს პოლიციისგან. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ის პოლიციელები გავამხნევო, რომელთაც უწევთ ასეთი დაუმსახურებელი შეურაცხყოფების ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან, რეალურად, კეთილი საქმის მსახურნი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაუშვებელია ის, რასაც ვხედავთ, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ პოლიციის მიმართ სრულიად დაუსაბუთებელ, უსაფუძვლოდ ტალახის სროლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მიმართა:

„ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი – ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანი, ღირსების ნაცვლად, აღმოჩნდა უღირსობის მორევში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები