მცხეთა-მთიანეთში საბავშვო ბაღები სწავლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაში არიან

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 1-ელი  მარტიდან საბავშვო ბაღები გასახსნელად სრულ მზადყოფნაში არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ შეხვედრა გამართა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან. აუდიენციას რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე, მცხეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ესწრებოდნენ. რეგიონის პირველმა პირმა სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლებს დაავალა, სწავლის პერიოდში მოხდეს რეგულაციების მკაცრად კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პანდემიის ფართოდ გავრცელება საბავშვო ბაღებში.

„აუცილებელია იმ რეგულაციების მკაცრად დაცვა, რომელსაც აწესებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენ ამ რეგულაციების დაცვისთვის მზად ვართ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასრულებულია საკვების საყიდლად გამოცხადებული ტენდერები. ამ ეტაპზე დუშეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს სამი ბაღი, მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის, ბადრი კუკულაძის თქმით, რეგიონის მასშტაბით ბაღის თანამშრომლების ტესტირება რამდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ დაუდასტურდება ვინმეს კორონა ვირუსი, მოხდება ეპიდემიოლოგიური კვლევა და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება, იქნება კონკრეტული პირის იზოლაციაში გადასვლა საჭირო თუ ჯგუფის”, – განაცხადა ბადრი კუკულაძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული მონიტორინგის მიზნით საბავშვო ბაღებში მისვლას აქტიურ რეჟიმში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები