“ვარ მხნედ, ვარ ციხეში, მაგრამ თავისუფალი” – ნიკა მელიას წერილი საპატიმროდან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროდან წერილი აგზავნის, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეებს ხატია დეკანოიძემ წაუკითხა.

“კვირა” ნიკა მელიას წერილის სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით მეგობრებს, თანამებრძოლებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს, მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ არ ნებდებით, ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით და გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.
ხანდახან ,ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა, ოთხ კედელშიც კი, ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სურთულე, გმოწვევა მეტ ძალს და შემართებას მმატებს.
ჩვენ გვაქვს ძალა და მიზანი, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქოდეს უკეთესი საქართველო და გვქოდენს თავისუფლება. ვიცი,რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს, აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო, ძალისმიერი შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას, გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოთ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას. იდგა და არ ეშინოდა არავის და არაფრის. ვინც იდგა პარლამენტის წინ და ისტორიის სწორ მხარეს.
ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ.
2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას. გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან.
ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს – თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, ის უნდა მოიპოვო და დიახ, ხანდახან, ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მოძრაობით. ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ, მხოლოდ ერთიანობით.
მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე.
მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულის და ღირსების დაცვის გამო თავიფულება აღმიკვეთეს და შემდეგ, 40 ათას ლარად მისივე ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ.
დღეს, საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების მოპოვების გზაა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი , როგორც ახლა. ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება 40 ათასი ლარი არ ღირს. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა , ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის – თავისუფლების, ღირსების და სამართლიანობისთვის.
ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვერარ იქნება მისაღები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენივე ძალა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მე, დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნის, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩვენ ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი და ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმისთვის, რომ უკეთესი საქართველო იწყება დღეს. ჩვენ ხვალინდელი დღე, მომავალი ბევრად უკეთესია. არ დავნებდებით, არ შევშინდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად. გავრილოვის ღამე აუცილებლად გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ, “ – წერს ნიკა მელია საპატიმროდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები