შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ ორ პირს – შალვა ბოლოთაშვილსა და გოჩა გოგილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი გადარჩა.