„რეაგირება იყო მყისიერი, სიმართლე ყოველთვის, ყველგან აუცილებლად თავის გზას იპოვის“ – გოგა ხაინდრავა პავილიონისის სეიმში დაბარებაზე

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ლიეტუვის სეიმის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ლიეტუვის სეიმის რეაგირება მყისიერი იყო. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადა.

ხაინდრავამ პავილიონისის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას „კვირას“ პრესკლუბიდან გუშინ მიმართა და დებატებში გამოიწვია. როგორც კინორეჟისორი აცხადებს, ელჩისადმი პიდაპირი მიმართვის შემდეგ, არ შეიძლებოდა, ეს ინფორმაცია ლიეტუვაში არ წასულიყო.

გოგა ხაინდრავა ლიეტუვის ელჩსა და საპარლამენტო ხელმძღვანელობას მყისიერი რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„ზუსტად გუშინ, თქვენს პრესკლუბში გამოსვლის დროს ეს საკითხი ვახსენე. ლიეტუვა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ათწლეულების მანძილზე საბჭოთა, ბარბაროსული წყობის წინააღმდეგ ქართველი და ლიეტუველი პატრიოტები ერთად იბრძოდნენ. საკმარისია ანტანას ტერლიაცკისის და მერაბ კოსტავს სახელების ხსენება, რომლებიც მეგობრობდნენ, ათწლეულები გულაგში გაატარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ლიეტუვას და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მიეღწიათ, თვითმყოფადობა შეენარჩუნებინათ.
ნებისმიერი გამოხტომა, უზრდელობა, უტაქტობა, რომელიც ბატონმა პავილიონისმა საქართველოში ჩაიდინა, ლიეტუველი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე პირდაპირი დარტყმაა.
მე მოვუწოდე ლიეტუვის ელჩს, რომ ღია, საჯარო პოლემიკაში მიეღო მონაწილეობა და აეხსნა ჩვენთვის, რას ნიშნავს ლიეტუვის გზა, რომელზეც პავილიონისი ლაპარაკობდა. ეს, ალბათ, უფრო პავილიონისის გზაა -ეს არის პოლიტიკური ანგაჟირების, კორუფციის გზა.
მე ერთი წუთით ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნებოდა. ის არის ღირსეული ქვეყანა, რომელიც თავის ისტორიას, თავის მეგობარ ქვეყანას პატივს სცემს. არა მარტო ერთმა სპიკერმა, მეორე ვიცესპიკერმაც გააკეთა განცხადება. ძალიან რეზონანსული იყო ის, რაც აქ ჩაიდინა ამ სამარცხვინო კაცმა. ამას მყისიერი რექცია მოჰყვა, იმიტომ, რომ ბუნებრივია, როდესაც პირდაპირ მიმართავ ლიეტუვის ელჩს, არ შეიძლებოდა, ეს ინფორმაცია ლიეტუვაში არ წასულიყო და ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებას, მით უმეტეს, პარლამენტის ხელმძღვანელობას არ გაეგო. რეაგირება იყო მყისიერი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიმართლე ყოველთვის, ყველგან აუცილებლად იპოვის თავის გზას. ამისთვის ლიეტუვის ელჩსაც და მათ საპარლამენტო ხელმძღვანელობასაც დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს ინციდენტი ამოწურულია და ეს ჩვენი სახელმწიფოების ურყევი მეგობრობის კიდევ ერთი, ძალიან მტკიცე მახასიათებელია“- განაცხადა ხაინდრავამ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. როგორც მედია იტყობინება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც გააკეთა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. ლიეტუვის სპიკერის განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში გაკეთებული განცხადებები შესაძლოა, გამოიყენონ “არამეგობრულმა ძალებმა”, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ლიეტუვას სეიმის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.

“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთებმა ლიეტუვასა და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან საქართველოში გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ ვცდილობდი, შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება.

,,ნაციონალური მოძრაობის,, სათავო ოფისი შტურმით აიღეს გაზით, როგორც ამას პუტინი აკეთებს. ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია იმის მიუხედავად, რომ მთლიანი ოპოზიცია აცხადებს, ისინი მზად არიან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის ხელისუფლებასთან. თუმცა, ივანიშვილის შემსრულებლები მოქმედებდნენ, როგორ პუტინი ან ლუკაშენკო. ჩვენ გვჭირდება, ავიმაღლოთ ხმა და დავარეგულიროთ ეს ყოველივე. გუშინ მე ვესაუბრე მთელს მსოფლიოს, დღეს კი მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს”, – აცხადებს პავილიონისი.

პავილიონისის განცხადებებთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავამ ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას მიმართა.

„ის, რაც აქ მისმა თანამემამულემ იკადრა, ვგულისხმობ პავილიონისს, ეს არის სამარცხვინო. ის, პირველ ყოვლისა, არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს, რადგან ამის უფლება არავინ არ უნდა მისცეს თავის თავს, მით უმეტეს, სტუმრად ჩამოსულმა. ძალიან მაინტერესებს და ლიეტუვის ელჩს ოფიციალურად ვთხოვ, რომ განგვიმარტოს, რას ნიშნავს ლიეტუვის გზა, რომელზეც მიგვითითა ბატონმა პავილიონისმა, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ. ბელორუსიის გზა რა არის, ვიცით, ბელორუსიის გზა 2003 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოში, სადამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად ვიცით. ლიეტუვის გზა რას ნიშნავს, იქნებ, ამიხსნას? ვერ გავიგე ბატონი პავილიონისის ხედვა, რამდენად არის ეს ლიეტუვის გზა და იქნებ, ელჩმა ამიხსნას. უკანონობის გზა, პოლიტიკური ანგაჟირების გზა, პოლიტიკური კორუფციის გზა, საქართველოს გზა არ არის და საქართველო ამ გზით არ წავა, ამის იმედი ნუ ექნება ნურავის“, – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები