“გაბრაზებული ვარ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს თავიანთ უპასუხისმგებლო საქციელს”, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა ,,ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო.
„გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს თავიანთ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება, ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კუბილიუსმა.
დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ აქციები დააანონსა. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან.