მამუკა გიორგაძე: ქართველი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ოპოზიცია, რომელიც ბოლშევიზმს ბოლშევიკური მგზნებარებით ,,ებრძვის“

,,კვირამ“ ,,ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ,,სახალხო პარტიით დამფუძნებელს, მამუკა გიორგაძეს სთხოვა:

-ქართველი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ოპოზიცია. არ ჩანან სახელმწიფო აზროვნების ადამიანები ოპოზიციურ ველზე. ცივილიზებული სამყარო საქართველოსგან მაღალი სტანდარტის დემოკრატიას ითხოვს. ქვეყანა ახლა საარჩევნო კანონს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს უნდა განიხილავდეს და არა – მელიას დაეძებდეს ოფის-ოფის. ხელისუფლებამაც უნდა იგრძნოს, რომ მისთვისაც ძალიან შეურაცმყოფელია ის, რაც დღეს ხდება. ნუთუ ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ქვეყანა ოპოზიციურად განწყობილ, მოაზროვნე ადამიანებსა და პოლიტიკოსებს ვერ ხედავს ისეთ კრეატიულ და იდეებით სავსე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა? ხუთი ტელევიზია საქართველოში ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობს. ძალაუნებურად, ხელისუფლების ყურადღებაც ამ ინფორმაციების განეიტრალებისკენაა მიმართული. ,,ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა შექმნას სხვა პარტიებისთვისაც ისეთი ფორმატი, სადაც ასპარეზზე გამოვლენ მოაზროვნე, პარტიოტი, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ქვეყანა წინ უნდა მიდიოდეს და არა – არსებულ ოპოზიციურ ჭაობს შესცქეროდეს, რომელიც ცდილობს, საკუთარსავე შექმნილ ჭაობში გვაცხოვროს ყველა ერთად. ჩვენი წარსული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კულტურა განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა – სტაგნაციისკენ.

-ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

-როდესაც 25 თებერვლის დიდი აქცია დააანონსეს და შემდეგ ,,რაღაც მიზეზების“ გამო გადადეს, ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ოპოზიციისთვის არც 25 თებერვალი და არც 26 მაისი არაფერს ნიშნავს. 25 თებერვალი არის ის დღე, რომელსაც ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა გაეერთიანებინა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ერთხელ კიდევ უნდა შეეხსენებინა მსოფლიოსთვის, ვინ და რა კულტურის ხალხი ვართ. 25 თებერვალი ამ ოპოზიციამ საკუთარი გამორჩენისთვის სავაჭრო თარიღად აქცია, რომელიც შემდეგ ,,გადადო“ და ამით დაამტკიცა საკუთარი უიდეობაცა და უუნარობაც. დღევანდელი ქართული ოპოზიცია ბოლშევიზმს ბოლშევიკური მგზნებარებით ,,ებრძვის“.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები