მიხეილ სარჯველაძე: პოლიციის მიერ დღეს ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო

“პოლიციის მიერ დღეს ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ სარჯველაძემ ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას.

სარჯველაძე აცხადებს, რომ სამართლის აღსრულებას არცერთ სხვა უფლებაზე არანაკლები ღირებულება გააჩნია.

„წესრიგის დამყარება ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რასაც ეფუძნება მთლიანად სახელმწიფო და მისი სამართალი. ვფიქრობ, შს სამინისტრომ ყველა ზომა მიიღო, რაც შეიძლება, მცირე ყოფილიყო ზიანი, თუკი წინააღმდეგობის გაწევას ექნებოდა ადგილი. შეკითხვებზე, რაც შეიძლება, დაისვას რომელიმე კონკრეტული ღონისძიების, ქმედებების მართლზომიერებასთან ან მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ამაზე გაიმართოს მსჯელობა.

არ მგონია, ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრობასთან გვქონდეს საქმე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველამ ერთად ვიხილეთ, პროკურატურის არაერთი მცდელობა, არაერთი მოწოდება, გამოეყენებინა შესაძლებლობა და თავად არ მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პატიმრობის შესახებ. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ითარგმნება, როგორც მელიას პირდაპირი დაუმორჩილებლობა სამართლებრივი წესრიგის მიმართ, რაც ვერ იქნებოდა შეწყნარებული ვერც ერთი სახელმწიფოს მხრიდან.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გარკვეული ემოციური ტალღა არსებობს და პირველი, საწყისი მოცემულობაა, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ოპერაციის შედეგად დააკავეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ყველა გარემოება და დეტალი გახდება ცნობილი, რაც ამ ფაქტს უძღოდა წინ, მათი დამოკიდებულება და შეფასებები თვისობრივად შეიცვლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები