“ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატიმრობის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სააპელაციო სასამართლოს პასუხი 72 საათში იქნება.
„დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება ნიკა მელიასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არცერთი სტრუქტურა, ახლა კი გვაცნობეს, რომ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ახლა შევხვდები ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას.
სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ იყო გამოტანილი უკანონოდ. ვნახოთ, როგორ განვითარებას ჰპოვებს პროცესი. უბრალოდ, ნათელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიიღება არა სასამართლოში, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს.