რეპერ პაბლო ჰასელის დაკავება და არეულობის მეექვსე დღე ესპანეთში – ძალოვანებსა და აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა

ესპანეთში უკვე მეექვსე დღეა, რეპერ პაბლო ჰასელის დაკავებას აპროტესტებენ. გუშინ არეულობა იყო ბილბაოში, ასევე, მძიმე ვითარება შეინიშნებოდა ბარსელონაშიც.

ბარსელონაში, სადაც აქციის მონაწილეთა შორის ბევრი არასრულწლოვანი იყო, პოლიციას ქვებს, ნაგვის ურნებს, ბოთლებს, შაშხანებს ესროდნენ. დემონსტრანტები კატალონიის მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც ახალ ბარიკადებს აგებდნენ და სკანდირებდნენ – “ანტიფაშისტური კატალონია!”.

კატალონიის პოლიციის ცნობით, მაღაზიების ძარცვის გამო ხუთი პირი დააკავეს. შეტაკების დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით ათასმა დემონსტრანტმა მიიღო.

ბილბაოში შეკრებილებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს, მაღაზიების ვიტრინებს არბევდნენ, პოლიციას ბოთლებსა და სხვა ნივთებს ესროდნენ. ასევე, მოხდა თავდასხმა გაზეთ Deia-იას ფოტოგრაფზე. დაკავებულია ერთი პირი.

ესპანელი რეპერის, პაბლო ჰასელის დაკავების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით 95-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ქალმა თვალი დაკარგა, რაც პოლიტიკოსების მხრიდან პოლიციის ქმედების გამოძიების დაწყების მოწოდებების საფუძველი გახდა.

ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, რეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა.

19 თებერვალს ქვეყნის პრემიერმა – პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვის გაძლიერებაა საჭირო, თუმცა, მისი თქმით, ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები