„ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირი გაათავისუფლეს
საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირი გაათავისუფლეს.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განაცხადებით, ისინი სიმართლის ლაპარაკისთვის დააკავეს.
“დაგვაკავეს იმის გამო, რომ ვლაპარაკობთ სიმართლეს და პოლიტიკური კლოუნების და გროტესკული პერსონაჟების დანიშვნას ვხვდებით გულწრფელი პროტესტით.
ჩვენ დაგვაკავეს იმისათვის, რომ ძალიან ეშინიათ, რომ სადმე, სადაც ისმის სიმართლე, განსაკუთრებით, ტრაგიკომიკური ვითარების მიმართ, რომელიც დღეს არსებობს. ეს სიმართლე ძალიან ბასრად ხვდება ამ სისტემას და არაფრის გამო არ დაგვაკავეს ფაქტობრივად. ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ შევეგუებით.
ეს არის ამ სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია, ჩვენ არ გვეშინია ამის. ეს არის იმის ნათელი გამოხატულება, რომ ძალიან ახლოს არის ამ ძალიან ცუდი სისტემის დასასრული და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად”, – განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.