ვახტანგ მახარობლიშვილსა და ტომას ბუშსბაუმს შორის ვიდეო-შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ავსტრიის სპეციალურ წარმომადგენელ ტომას ბუშსბაუმს შორის ვიდეო-შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტები იყო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი სამიტის მთავარი თემები განიხილეს.
“მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას გააცნო ქართული მხარის ყველა პრიორიტეტი ამ მიმართულებით. ავსტრიის ელჩმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირისთვის; ასევე, პარტნიორობის ფარგლებში დიფერენციაციის პრინციპის უფრო აქტიურად და ეფექტიანად გამოყენების საჭიროება, რაც მოიცავს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების მსურველი და ამისთვის მზადმყოფი ქვეყნებისთვის ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის პატივისცემა და ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესში მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევის გაგრძელება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე გააგრძელებენ მუშაობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პოზიციების მაქსიმალური კოორდინაციის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.