ანრი ოხანაშვილი: არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, „ქართული ოცნების“ გუნდი არის იმ ღირებულებების ერთგული, რომელი ღირებულებებითაც ის მოდის მისი დაფუძნების დღიდან
არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, „ქართული ოცნების“ გუნდი არის იმ ღირებულებების ერთგული, რომელი ღირებულებებითაც ის მოდის მისი დაფუძნების დღიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი ორშაბათს ნდობას გამოუცხადებს ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდს, ქვეყანა კი წინსვლას დემოკრატიის შესაბამისად გააგრძელებს.
„არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, „ქართული ოცნების“ გუნდი არის იმ ღირებულებების ერთგული, რომელი ღირებულებებითაც ის მოდის მისი დაფუძნების დღიდან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი სამთავრობო გუნდი არის ამ ღირებულებების ერთგული. ჩვენი უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის ხალხზე ზრუნვა იმ პანდემიის პირობებში, რა პირობებშიც ცხოვრება გვიწევს – ჯანმრთელობის დაცვა, სიცოცხლის, ეკონომიკის და დასაქმების მიმართულებით აქტიური მუშაობა. ეს არის ჩვენი გამოწვევა. არანაირი კრიზისი, არანაირი დაპირისპირება არ არის. ამიტომ მარტივად, ორშაბათს ჩვენ გამოვუცხადებთ ნდობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სამთავრობო გუნდს. ქვეყანა აგრძელებს წინსვლას დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპის ქვეყნებში ხშირად იცვლებიან პრემიერები. არასტაბილურობა თუ ა.შ. თქვენ ნებისმიერი ტერმინი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კრიზისებზე მესაუბრებოდნენ კიდევ, მაგრამ კრიზისი არის მაშინაც, როცა პარლამენტს არ შესწევს უნარი ნდობა გამოუცხადოს სამთავრობო გუნდს და ხალხს არ ჰყავს მთავრობა, თუმცა, ეს სიტუაცია არ და ვერ იქნება, „ქართული ოცნების“ გუნდი ამას არ დაუშვებს. ამიტომ ორშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გვკითხოთ რა გეგმები აქვთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს. ამიტომ არანაირ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ თუ ვინმეს მაია ცქიტიშვილის წასვლასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ეს კითხვები თავად ცქიტიშვილს უნდა დაუსვან.