საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის კანდიდატურას ყველა პოზიტიურად შეხვდა.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
„პრემიერმინისტრის კანდიდატურას ყველა პოზიტიურად შეხვდა, მმართველი გუნდის შიგნით მართლაც ერთსულოვნებაა. გნებავთ, ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ – სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში ამ ღირსებებს გამოვარჩევდი. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მისი კანდიდატურა სწორად შეფასდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა. ,,ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.