„ეს იყო მხეცური და თავხედური ქმედება, სოლიდარობას ვუცხადებ მედიაჰოლდინგს” – ვახტანგ მაისაია “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია მედიაჰოლდინგ „კვირას“ საკუთარ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის გამო სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ მაისაიამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაია მომხდარ თავდასხმას “მხეცურ და თავხედურ ქმედებას” უწოდებს.

„მინდა, შესაძლებლობა გამოვიყენო და თქვენს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო სრული სოლიდარობა გამოგიცხადოთ. ასევე მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ძალოვან სტრუქტურებს, რომ ასეთი მხეცური და თავხედური ქმედება, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპებს არღვევს, ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები უნდა იყვნენ დასჯილები. როგორც ვიცი, ზომები იქნა მიღებული. ეს კონკრეტული ქმედება, kvira.ge-ს ჟურნალისტებზე თავდასხმა, უნდა იყოს ზუსტი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ უნდა იქნას დაცული სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები, რომ ეს თავხედობა აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი – როსტომ აფციაური და გიორგი ნეფარიძე უკვე დააკავა. გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები