ბიბილოვმა ე.წ. ბიუჯეტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაამტკიცა – ე.წ. პარლამენტის 2/3-ის დასწრების შესახებ რეგლამენტი თავის დროზე წესიერად არც დამტკიცებულა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ოპოზიციის მიერ ე.წ. პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიბილოვის ე.წ. პრესმდივნის, დინა გასიევას განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა საპენსიო ფონდისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის ე.წ. ბიუჯეტს.

კანონპროექტს მხარი 34 ე.წ. დეპუტატიდან მხოლოდ 18-მა დაუჭირა. მანამდე ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სესია 10-ჯერ ჩავარდა, ამჯერადაც არ არსებობდა კვორუმი, თუმცა, როგორც პირველმა ე.წ. ვიცესპიკერმა, პეტრე გასიევმა განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტს, სადაც ჩაწერილია “სადეპუტატო კორპუსის 2/3-ის დასწრების შესახებ, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, რადგან თავის დროზე, წესიერად არც დამტკიცებულა”.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პარლამენტი 2020 წლის სექტემბრიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
ე.წ.რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ე.წ. კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ცხინვალის მკვიდრი, ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა.

ამ მოვლენების შემდეგ, 29 აგვისტოს ე.წ. მთავრობა გადადგა და ბიბილოვმა მის წევრებს ე.წ. მოვალეობის შესრულება დაავალა, ე.წ.მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირებამდე. ასევე, თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტართა ჯგუფმა განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას ე.წ. გენერალური პროკურორის – ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები