იაგო ხვიჩია: უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო, მიშას თამაშს თამაშობთ და როგორ უნდა დამარცხდეს

“ქართულ პარლამენტარიზმს ახლა “ქართული ოცნება” ანადგურებს და ამ უპირატესობას ნიკა მელიას აძლევენ. მერე უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა “გირჩი”, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დასაცავად, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სწორედ ამ მიზნით იმყოფებიან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელია მას მეგობრად არ თვლის და ჰგონია, რომ “გირჩის” წევრები მისი მტრები არიან.

“ქართულ პარლამენტარიზმს ახლა “ქართული ოცნება” ანადგურებს და ამ უპირატესობას ნიკა მელიას აძლევენ. მერე უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო. მიშას თამაშს თამაშობთ და როგორ უნდა დამარცხდეს. საკმაოდ გონივრული თამაშია და თან სიშტერეზეა გათვლილი. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ამ სიგიჟეში ვიჭყლიტებით. ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩენია არის, რომ ავუხსნათ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს, თავი დაანებონ ამ ადამიანებზე ხმის მიცემას, ხომ ხედავენ რა დღეშიც არიან. მათ ჩხუბი და ერთმანეთის ციხეში ჩასმა უნდათ. მერე, ვინც მოერევა, ჩვენი ქვეყანა 4 წელი უნდა იყოს რინგი, სადაც ესენი ჩხუბობენ და ხან ერთი ერევა, ხან მეორე, ძირითადად კი, “ქართული ოცნება”.

ნიკა მელია ფიქრობს, რომ ჩვენ მას არ ვეხმარებით და მის მიმართ მტრულ განწყობაში ვართ. ასეთ დროს მიხვიდე ამ ადამიანის დასაცავად და გვერდში დასადგომად, სერიოზული არ გამოდის. კონცერტს ხომ არ დავდგამთ. შეუძლებელია, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მე რასაც ვაკეთებ, ეს ყველაზე სწორი და კარგი დაცვაა მისი”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები