ე.წ. სამხრეთ ოსეთში “ქართულ სანომრე ნიშნიან” მანქანებს დარეგისტრირების საშუალება მისცეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. რესპუბლიკაში “ქართული სანომრე ნიშნების” მქონე ავტომობილების გადაადგილების ნებართვა გასცა, კერძოდ, იმ ავტომობილების რომელთა მფლობელები ახალგორის და ჯავის რაიონში ცხოვრებენ.
კერძოდ, საუბარია “ქართული” სანომრე ნიშნების ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნიშნებით შეცვლაზე, რისი შესაძლებლობა ახალგორის და ჯავის მოსახლეობას არ ჰქონდა და ავტომობილების აღრიცხვიდან მოსახსნელად მათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უწევდათ გადმოსვლა.
როგორც ადგილობრივ მედიას მთავარმა “გოსავტოინსპექტორმა” ალმა ვალიევამ განუმარტა, “რესპუბლიკის ხელისუფლება ამ რაიონების მოსახლეობას შეხვდა, მათ ნაწილს ქართული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილები ჰყავს და ცხინვალში ჩასვლის ნებართვა არ ჰქონდათ. მთავრობამ მათ ხელი გაუმართა და გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნები მისცეს. ამიერიდან მძღოლებს მანქანის აღრიცხვიდან მოსახსნელად საქართველოში ჩასვლა აღარ მოუწევთ”.
გადაწყვეტილების თანახმად, “ქართული ” სანომრე ნიშნების მქონე მოქალაქეებმა ავტომობილები 1-ელ ივლისამდე უნდა დაარეგისტრირონ.