ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურს დახმარებისთვის 140- მა მოქალაქემ მიმართა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობამ მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში, რის შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, დაზიანდა 26 ავტომობილი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა.
„დიდთოვლობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ამ დროისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან, სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა. სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.