COVID შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა
GALT & TAGGART -ის კვლევის თანახმად, საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან.
რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. საჰაერო საზღვარი ქვეყანას, დაახლოებით, 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.
1-ელი თებერვლიდან გახსნილია სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები. 8 თებერვლიდან ამოძრავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, საქალაქთაშორისო მგზავრობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამავე პერიოდიდან მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. 15 თებერვლიდან ქვეყანაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა და მოქმედებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. 15 თებერვლიდან გაიხსნა რესტორნები, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი სტუმრებს მხოლოდ ღია სივრცეში იღებენ. დახურული რჩება ფიტნეს და სპორტული ინდუსტრია. დახურული რჩება ასევე ზამთრის კურორტები.