იოსებ ჭუმბურიძე: სამწუხაროა “კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
,,კვირას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე.
მისი შეფასებით, საზოგადოებაში
დიდი აგრესია დაგროვდა და ასეთი განწყობით ცხოვრება შეუძლებელია.
“ჟურნალისტი ხელშეუხებელია მთელს მსოფლიოში, ასე იყო ყოველთვის, თუმცა, საქართველოში ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ პროფესიას, ჟურნალისტიკას, რომელიც ჩემი პროფესიაა და სიცოცხლეს მირჩევნია, ძალიან გაუტეხეს სახელი, რაც მიზანმიმართულად ხდება. ნიკა გვარამია, პირსისხლიანი პროკურორი, დღეს რომ ჟურნალისტია და ტელეეკრანიდან გვასწავლის ჭკუას, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც დღემუდამ თითს გვიქნევს ეკრანიდან და ისტერიკულად დაჰკივის საზოგადოებას თავს, ძალზე უტეხს პროფესიას სახელს. ამიტომაც, საზოგადოებაში აგრესია გროვდება და ადამიანები აღარ არჩევენ მედიასაშუალებებს ერთმანეთისგან. მათთვის ყველა ჟურნალისტი ერთია და ერთ ტაფაში იხრაკება. იმ დროს, როდესაც დეპუტატი უკანასკნელი ხულიგანივით გყავს, მანდ არ მომიყვანო, თორემ აგწევ და გამოგათრევ პარლამენტიდანო, – მიმართავს კოლეგას, – რაღა უნდა გაგიკვირდეს? როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ასე იქცევა, ქვეყანაში ძალადობა აღარ უნდა გაგიკვირდეთ. ძალზე სამწუხაროა ,,კვირას“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, თუ დამნაშავეები სასტიკად არ დაისჯებიან, საზოგადოებაში გაჩნდება დანაშაულის წახალისების ილუზია და ჩვენი პროფესიის ადამიანებს მუშაობა ძალზე გაუჭირდებათ.