არჩილ კაიკაციშვილი – “კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: სახალხო დამცველი დაკავებული უნდა იყოს ადგილზე საკითხის შესწავლით, ჟურნალისტებზე თავდასხმა დანაშაულია

“რეაგირება უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველს, რომელიც დაკავებული უნდა იყოს ადგილზე საკითხის შესწავლით და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო თუ პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, თავისი საქმის შესრულების უფლება ჰქონდეს”, – ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს.

როგორც მან ,,კვირასთან” საუბარში განაცხადა, ფაქტის სათანადო შეფასება უნდა გაკეთდეს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

,,კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება, გამოიხატოს, დანაშაულად ითვლება. თუ ისეთ თავდასხმაზეა საუბარი, რამაც ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელი გახადა, კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას. მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებამ ინფორმაცია საჯარო გახადა, არცაა სავალდებულო პოლიციისთვის მიმართვა, საჯარო ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყოს. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანი არაა ვინაა მხარე, არსებითი მნიშვნელობისაა ფაქტი – ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა თავდასხმის ფორმით, რამაც გამოიწვია ადამიანის ან ტექნიკის დაზიანება. სამწუხაროა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არის ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელშეშლის გავრცელებული ფორმაა.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს და, არამხოლოდ მათ, რომ სათანადო შეფასება გაკეთდეს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ჩაიდინა მოტივირებული თუ მოტივირების გარეშე დანაშაული. რეაგირება უნდა ჰქონდეს, ასევე, სახალხო დამცველს, რომელიც დაკავებული უნდა იყოს ადგილზე საკითხის შესწავლით და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო თუ პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, თავიანთი საქმის შესრულების უფლება ჰქონდეს. ასევე, თუ დაზიანებულია ტექნიკა, პასუხისმგებლობა ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მხრივ”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მომხდართან დაკავშირებით მედიის დაზარალებულმა წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები