რუსუდან თევზაძე – “კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: თავისუფლების ასე გამოხატვა დაუშვებელია, სახელმწიფომ თავიანთი ბრალეულობა უნდა დაანახოს ყველას
“ჟურნალისტებზე თავდასხმა თითქოს ტრენდად იქცა, ,,კარგი ბიჭობის” გამოვლინებად თვლიან, არც ოპოზიცია აკლებს ამას ხელს”, – ასე გამოეხმაურა სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს.
როგორც მან ,,კვირას” განუცხადა, აზრისა და თავისუფლების ასე გამოხატვა დაუშვებელია, ამის საშუალება არავის უნდა მიეცეს.
,,დაუშვებელია ასეთი ქმედება, ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიული ღირებულების შედეგი. თავისუფალ სიტყვას, გამოხატვის თავისუფლებას თავისი საზღვრები აქვს სამართლებრივი და მორალული, თუ, რა თქმა უნდა, ამის აღქმა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მსგავს საქციელს სჩადიან. ჟურნალისტებზე თავდასხმა თითქოს ტრენდად იქცა, ,,კარგი ბიჭობის” გამოვლინებად თვლიან, არც ოპოზიცია აკლებს ამას ხელს, ისინიც ინტერვიუების თუ კომენტარის დროს პირდაპირ თავს ესხმიან ჟურნალისტებს.
ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველას ერთნაირი თავისუფლება და უფლება აქვს. აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, ყველა საჭირო კვალიფიკაცია, რასაც მოითხოვს მათი ბრალეულობა. სამაგალითო უნდა გახდეს ყველა შემთხვევა, დასჯის კუთხით ვგულისხმობ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. პირველყოფილი წყობილება არაა, სახელმწიფოა და აზრისა და თავისუფლების ასე გამოხატვა დაუშვებელია, ამის საშუალება არ უნდა მიეცეს არავის და სახელმწიფომ თავიანთი ბრალეულობა უნდა დანახოს ყველას,” – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მომხდართან დაკავშირებით მედიის დაზარალებულმა წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.