ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ვინაიდან მე ვუხელმძღვანელებ საქართველოს პარლამენტის ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, ჩვენ ერთმანეთს გავაცანით ის სამომავლო გეგმები, რა მიმართულებებითაც ვაპირებთ თანამშრომლობას. ავსტრია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ბატონ თომას მიულმანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა და მჯერა, რომ ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.