ზაალ უდუმაშვილი: როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრებას გიანონსებენ, რა მეხუთე რაუნდსა და შეხვედრაზეა საუბარი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელება არ სურს.
როგორც უდუმაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამის დასტურია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების დაანონსება.
“როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრებას გიანონსებენ, რა მეხუთე რაუნდსა და შეხვედრაზეა საუბარი. გასაგებია ყველაფერი და გასაგებია “ქართული ოცნების” გზავნილი. თუ უნდოდა “ქართულ ოცნებას”, რაიმე სახით, რომ ერთიანი ძალებით დაგვეძლია ჩვენ ეს პოლიტიკური კრიზისი, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდა მეოთხე რაუნდის შემდეგ. ეს შეხვედრა შეიძლებოდა, შემდგარიყო და ჩვენ შეიძლებოდა, გვესაუბრა კონკრეტულ თემებზე, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” არც აპირებს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ეს მათი არჩევანია. მათ გადაწყვიტეს სრულად იზოლირება ქართული საზოგადოებისგან და, შესაბამისად, ამაზეც იქნება შესაბამისი პასუხი და ეს არის ქუჩა და პროტესტი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.